უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის ომის 49-ე დღე შეაჯამა.
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა:
"ყველაზე მამაცი ქვეყნის დაუმორჩილებელო ხალხო!
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ნაყოფიერი დღე იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ. კიევში ჩამოვიდა 4 ქვეყნის პრეზიდენტი - უკრაინის მეგობრები. ისინი, ვინც ჩვენ პირველივე დღეებიდან გვეხმარებიან. ვისაც არ უყოყმანია, ჩვენთვის იარაღი მოეცა. ვისაც არ უყოყმანია, დაეწესებინა თუ არა სანქციები. და ვინც ახლა ევროკავშირს უბიძგებს, დააწესოს უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი. ძალიან გამიხარდა დღეს ამ ქვეყნების პრეზიდენტებთან შეხვედრა. მოლაპარაკებები ძალიან ნაყოფიერი იყო.
მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტები კიევის ოლქში, ბოროდიანკაში ჩავიდნენ, სადაც თავისი თვალებით ნახეს, რა ჩაიდინეს ოკუპანტებმა. პრეზიდენტებისთვის ეს კიდევ ერთი არგუმენტია, კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა მოახდინონ, რათა ევროკავშირმა რუსეთს ხელშესახები სანქციები დაუწესოს.
პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ემბარგო ნავთობზე. და ევროპის ნათელი მზადყოფნა, უარი თქვას რუსულ ენერგოპროდუქტებზე. ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსება.
დასავლური სანქციები დღეს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმაც განიხილა, რომელსაც მაიკლ მაკფოლი და ანდრი იერმაკი ხელმძღვანელობენ. ჯგუფი უკვე სამი კვირაა, მუშაობს. ის საერთაშორისო და უკრაინელი ექსპერტებისგან შედგება. ჯგუფი აფასებს დაწესებულ სანქციებს და იმას, თუ როგორ ცდილობს რუსეთი, მათ გვერდი აუაროს.
ამ ჯგუფმა მოამზადა კონკრეტული წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუქმდეს ხარვეზები, რომლებიც სანქციებს აქვს და რომლებსაც რუსეთი მუდმივად იყენებს, და როგორ უნდა გაძლიერდეს ეს სანქციები, რათა რუსეთისთვის მისი მძიმე შედეგები ხელშესახები იყოს.
დღეს ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს. განვიხილეთ ყველა იმ რუსი ჯარისკაცის და ხელმძღვანელის დასჯის საკითხი, რომელმაც ჩაიდინა ომის დანაშაულები და ამ საკითხზე საერთაშორისო თანამშრომლობა. ასევე, განვიხილეთ თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის. შეთანხმება შედგა. უკრაინა 800$-იან დახმარებას მიიღებს: იარაღი, აღჭურვილობა და სხვა ტიპის დახმარება. საარტილერიო სისტემები, ჯავშანტექნიკა და ვერტმფრენები. გულწრფელად მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის. ასევე ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე.
მივმართე ესტონეთის პარლამენტს და გამოვხატე მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათ უკრაინას გაუწიეს, იარაღის მიწოდების ჩათვლით. ასევე, მოვუწოდე ესტონეთს, ომის დასრულების შემდეგ შეუერთდეს უკრაინის აღდგენის პროექტს.
ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ესტონეთთან ციფრულ სფეროში. ომის შემდეგ ეს კიდევ უფრო დიდი პროექტი გახდება. ვისაუბრეთ სამთავრობო და ბიზნეს ციფრული სისტემების აღდგენის, კიბერუსაფრთხოების, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენის შესახებ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი ბუჩას ესტუმრა. ქალაქში მუშაობას დაიწყებს ექსპერტების ჯგუფი ICC-დან. გარდაუვალია რუსული ჯარის პასუხისმგებლობა ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის. ჩვენ მათ ყველას გავიყვანთ ტრიბუნალზე და არა მხოლოდ იმისთვის, რაც მათ ბუჩაში ჩაიდინეს.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, გათავისუფლებული ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდა გრძელდება. ოკუპანტებმა ათობით ათასი აუფეთქებელი ჭურვი და ნაღმი დატოვეს. შესაბამისად, ყველას, ვისაც სახლში დაბრუნება უნდა, შეძლებისდაგვარად ფრთხილად უნდა იყოს და დაუყოვნებლივ შეატყობინოს პოლიციას იმ შემთხვევაში, თუ რამე უცნაურ ობიექტს იპოვის.
დღევანდელი საბრძოლო ანგარიშები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინა დღეებისგან. რუსული ჯარები აძლიერებენ შეტევებს აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებით. ისინი მარცხისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობენ. სარაკეტო დაბომბვები და საარტილერიო დარტყმები გრძელდება. შემოჰყავთ ტექნიკის ახალი კოლონები, ეძებენ რეზერვებს. ისინი ცდილობენ ჩვენი ქვეყნის სამხრეთით მცხოვრებლების გადაბირებას. ანუ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ე.წ მობილიზაციაა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ რაიონებში.
ოკუპანტების ასეთი მოქმედებები მათ დაუცველობაზე მიუთითებს. საბჭოთა სამხედრო აღჭურვილობით და ჯარისკაცების დიდი რიცხვითაც კი, რომელსაც მათი მეთაურები არ ზოგავენ, რუსებს ეეჭვებათ ჩვენი, უკრაინის გატეხვა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათი ეჭვები გამართლდეს.
მადლიერი ვარ ყველა იმ დამცველის, რომელიც რჩება პოზიციებზე და რუს ჯარისკაცებს აფიქრებს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი, ადრე თუ გვიან, მხოლოდ რუსეთის სტრატეგიული დამარცხებით დასრულდება.
რუსეთის ხელმძღვანელობა ან რეალურად შეეცდება მშვიდობას, ან ამ ომის შედეგად სამუდამოდ დატოვებს საერთაშორისო ასპარეზს.
ხელი მოვაწერე ჩვენი დამცველების დაჯილდოების განკარგულებებს. სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა 270 ჯარისკაცს, 7 მათგანს - სიკვდილის შემდეგ. ასევე ჯილდოვდება სახელმწიფო დაცვის სამსახურის 11 თანამშრომელი.
კიდევ ერთი განკარგულებით, შეიარაღებული ძალების 2 ჯარისკაცი სიკვდილის შემდეგ ჯილდოვდება უკრაინის გმირის ტიტულით. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე გასწირა უკრაინისთვის. მარადიული დიდება მას, ვინც იცავს ხალხს და ჩვენს სახელმწიფოს.
დიდება უკრაინას".